თუშეთის ტურისტული პოტენციალი

This slideshow requires JavaScript.

თუშეთი თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მთებითა და საძოვრებით, უნიკალური ფიჭვის ტყეებით, კამკამა ნაკადულებითა და წყალუხვი მდინარეებით, ძველი სოფლებითა და ნასოფლარებით, მუდამ იზიდავდა მნახველს. ახლაც უამრავი ტურისტი და მოგზაური სტუმრობს, როგორც საქართველოდან, საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც.

თუშეთის ტურიზმის ასოციაცია ”თუშეთი გაიდის” დირექტორის ია ჭვრიტინიძის თქმით, საგრძნობლად გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რიცხვი, ყველაზე მეტად ებრაელები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრობენ თუშეთს.

კავკასიის ეს კუთხე ნამდვილი სამოთხეა ეთნოგრაფებისა და ბიოლოგებისთვის, ფოტომოყვარულებისა და უბრალოდ თავგადასავლების მაძიებლებისათვის, მათთვის ვისთვისაც მთის უღელტეხილზე ზურგჩანთამოკიდებული გადასვლა დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი. 2003 წელს  შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები და ახლა ისინი თჲშეთის სახელმწიფო ნაკრძალს (12 607 ჰა), თუშეთის ეროვნულ პარკსა (69 515 ჰა) და თუშეტის დაცულ ლანდშაფტს (31 518 ჰა) აერთიანებს.

ამ ტერიტორიებიდან ყველაზე დიდი ეროვნული პარკია (ევროპის ყევლაზე დიდი დაცული ტერიტორია), რომლის საზღვრები მიჰყვება თავად თუშეთის ისტორიულ-ადმინისტრაციულ საზღვარს და შესაბამისად, სახელმწიფო საზღვარს საქართველოსა და რუსეტის ფედერაციას შორის.

თუშეთის სახელწმიფო ნაკრძალი მოიცავს პირიქითა ალაზნის, გომეწრის ალაზნისა და ჭანჭახოვნის ხეობებს. სახელმწიფო ნაკრძალი ასევე მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთასა და ხისოს მიმდებარე ტყის მასივებს და გომეწრისა და პირიქითა ალაზნის შეერთების ადგილიდან  მდინარის ორივე ფერდობზე არსებულ ტყეებს.

თუშეთის დაცული ლანდშაფტი თუშეთის ყველა სოფელს მოიცავს. დაცული ლანდშაფტის მიზანია, რომ თუშური სოფლების ტრადიციული იერსახე არ დაიკარგოს და ამავე დროს გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს ტურიზმისა და ტრადიციული სამეურნეო დარგების განვითარება.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია შემდეგი სახის ტურების ორგანიზება: ცოცხალ ბუნებაზე დაკვირვება. სათავგადასავლო ლაშქრობა, ისტორიულ-კულტურული ტურები, ფოტოტურები, სამოყვარულო თევაზაობა,  საცხენოსნო ტურები, სამთო ველო ტურები.

თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიანბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია. ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობებია. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში.

VIII საუკუნეში თუშეთი მოიხსენიება საქართველოს სამეფოსადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო კავკასიელ ტომებთან, კერძოდ,ხუნძახის თემთან საერთო ადმინისტრაციულ საზღვრებში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები. XV საუკუნეში გიორგი I აუქმებს საერისთავოებს და აწესებს სამოურავოებს. მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას ეხება. ესაა პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ. 1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას. ლეგენდის თანახმად, მეფეს ზეზვასთაბის უტხამვ, სადამდეც ირბენს შენი ლურჯა, მიწა იქამდე იქნება თუშებისო. ზეზვას ლურჯამ სწორედ ეს ველი გაიარა. თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონდა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით.

 

ომალო

თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალ სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლით (2 926 მ) ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაშიც ტრაქტორების საშუალებით გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეების ნაშალისგან. თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალბორბლიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. თბილისიდან ომალომდე ჩასვლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

სოფელი ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო, ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

დღესდღეობით არსებობს ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალოდან, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში, ხალხმა დაიწყო დაბლა ჩამოსვლა და ვაკე ადგილას დასახელება, რის შედეგდაც, ამ დასახლებას ახალი ომალო ეწოდა. ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე აშენებულია XVIII საუკუნეში. ადრე ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ კი სოფელი თანდათანობით დაბლა, დღევანდელ ომალოს (ახალ) ვაკეზე ჩასულა. ხალხის გადმოცემის მიხედვით შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა. 

კესელო მიუდგომალია, ერთადერთი მისასვლელი გზა აღმოსავლეთის მხარეზეა და ისიც ქვითკირის გალავნით ყოფილა შემოზღუდული. 

ციხეც და საცხოვრებელი სახლებიც, ადგილობრივების თქმით, ვულკანური წარმოშობის ქვებით, უწყლოდაა ნაშენი.

 

ინდურთა

სოფელ ინდურთამდე გზა მიუვალი და საშიშია, სამანქანო გზა საშის ხევებსა და კლდეებზე გადის, სადაც მუდამაა ზვავსაშიშროება.

წოვათაში გადასვლას ავტომობილით რამდენიმე საათი სჭირდება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, კი საცხენოსნო მარშრუტებით მოგზაურობას 5 დღეს სჭირდება.

წოვათაში, ინდურთაში მისულებს ფერდობზე მხოლოდ მეცხვარეები და ციხე-კოშკების ნანგრევები დაგვხვდა. უფრო ქვევით კი უცხოელი ტურისტების გაშლილი კარვები. მიტოვებული ნასახლარები მაინც ზვიადად იცქირებოდნენ.

 ისტორიულად თუშები საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთიანეთში ოთხ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ: წოვა, გომეწარი, პირიქითი, ჩაღმა; მათგან  წოვები  და, ნაწილობრივ, პირიქითელები მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას მეცხვარეობა წარმოადგენდა . ამან განაპირობა წოვა–თუშების სოფლების გაშენება როგორც მთაში, ისე ბარში.  მთაში მათ ჰქონდათ სოფლები: ინდურთა, მოზართა, ეთელტა, ნაზართა, წარო, შავწყალა, საგირთა დანადირთა,  ბარში კი, პანკისის ხეობაში: ომალო, ხალაწანი, ბაწარა, ბირკიანი და სხვაალვანის ველზე – ბახტრიონი, წიწალყურე, მუხროვანი, გურგალჭალა, ოთხთვალა, ალონი, ლაფანყურე და ბაიჩლაყურე. სტიქიური უბედურებების გამო (1861 წელს წაილეკა წოვათის სოფელი საგირთა) მოსახლეობამ  თუშეთიდან  ნელ-ნელა ბარში გადმოსახლება დაიწყო და ძირითადად ალვნის ველზე, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, დამკვიდრდა. ეს ადგილები ჭაობიანი იყო, ამიტომ XX საუკუნის დასაწყისში მათ ააშენეს პირველი გეგმიური სოფელი  –  ალვანი,  რომელსაც შემდგომ ზემო-ალვანი დაერქვა,  რამდენადაც მოგვიანებით აშენდა ჩაღმების სოფელი – ქვემო-ალვანი. წოვა-თუშები არიან მართმადიდებლები დღიდან საქართველოს გაქრისტიანებისა.

წოვათას ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულმა ერთ-ერთმა სლავმა ტურისმმა განგვიცხადა, რომ აღფრთოვანებულია თუშეთის სილამაზით, თუმცა სამწუხარო იქმნება თუ სვანეთისმაგვარად შეეცვლება ინფრასტრუქტურა და თავის ბუნებრივ სილამაზეს დაკარგავსო.

გარკვეულწილად მართალიცაა, თუშეთმა ბუნებრიობა უნდა შეინარჩუნოს, თუმცა დანგრეული კოშკებისა და მიტოვებული სოფლების აღდგენა უპტიანიც კი იქნება თუშეთში ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისათვის.

თუშეთი ილურთა

 ილურთა სოფელია პირაქეთა თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ ნასოფლარად ითვლებოდა, თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში მე-19 საუკუნის ეკლესიასთან, ახალგაზრდა ილურთელთან ერთად ადგილობრივები წყაროს აპირკეთებდნენ.

ეკლესიაში უნიკალური წიგნები და ნივთებია შენახული, რომლებსაც ადგილობრივები თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ.

ილურთელი არკადი, თანასოფლელებთან ერთად, სადღესასწაულოდ, ლუდსაც ხდიდა (იქ შესვლა, წეს-ჩვეულების მიხედვით, ქალებისთვის აკრძალულია).

ისინიც ცოტა ხნის შემდეგ, სექტემბრისთვის, დატოვებენ თუშეთს და სხვებივით ბარს მიაშურებენ.

ილურთელები, იქვე ეკლესიასთან გვიყვებოდნენ კაი ყმისა და თუშების ვაჟკაცობის ლეგენდებს და ოცნებობენ, რომ ისევ აღდგეს მათ კუთხეში ცხოვრება და მთას დაუბრუნდეს მთიელი.

”ეს ფერდობები სულ ყანებით იყო დაფარული. ზამთარში ხალხი საერთოდ არაა. – ამბობენ ისინი.”

ეხლა ტურიზმის კუთხედ აპირებენ გადაქცევას, სხვა პერსპექტივა არაა. – ამბობენ ასაკოვანი ხალხი. ხალხი ადრეც და ახლაც შეშით თბება.

”აქ მოდიოდა ხორბალი, კარტოფილი, ხორბალს მხოლოდ საგანგებო დღეებში, დღესასწაულებზე ხმარობდნენ, ჭამდნენ მხოლოდ ჭვავის პურს. – გვიყვება წარმოშობით ილურთელი მეცნიერი გიორგი ცოცანიძე, რომელიც ახლა საკუთარ სოფელშია და ჩვენ შემთხვევით გადაგვეყარა.

 ”ადრე, მოსავლისა და გადასახადის აკრეფის გზა სამრევლოები იყო. თუშეთში საერთოდ, ოთხი თემი იყო, მერე კი სამრევლოები თემებად გაიაზრეს და იყო 8 სამრევლო,. თუშეთში იყო დემოკრატიული მართვის უბრწყინვალესი ორგანო. მმართელო ორგანო იყო სათუშო შეყრა. თუშები თავის თავს ეძახდნენ მთებს. გომეწარს, ჩაღმა, პირიქითი, წოვათას ეძახდნენ ხევს.

ხევებს ჰქონდათ თავთავისი მმართველი ორგანო და შესაკრებელი ადგილი. საერთო სათუშო შეყრა იმართებოდა მხოლოდ მაშინ, როცა საერთო სათუშო საკითხები იყო გადასაჭრელი, ან უნდა ლაშქარი გასულიყო მეფის ლაშქარში, ან  საერთო ლაშქრობა უნდა მოწყობილიყო, ვინ წავიდეს ლაშქარში და ვინ დაიცვას ადგილზე, ცხვარი, მოსახლეობა.

ჭანჭახოვანი ჩაღმის თემის ერთი ნაწილია. ილურთას და კიდევ ორს (ერთი ნასოფლარი) ერქვა ხეცუღურთა. მაგრამ გომეწრის თემის ნაწილია. ილურთას ქედის გადაღმა კიდე ოთხი სოფელია – ივანაურთა.

სალაშქროდ რომ მიდიოდნენ ჩაცმულები მიდიოდნენ, მერე გაიხდიდნენ, და ცხენებთან დატოვებნენ. ამას ეძახდნენ თარეშს, რომ მსუბუქად ევლოთ. თუშებს განსაკუთრებული საბრძოლო ტრადიცია ჰქონდათ, ეს გამოცდილება შამილის წინააღმდეგ გამოიყენეს. ქართველები სპარსელს რომ ებრძოლებოდა, უკან დაღერებული ხანჯალი ქონდა ლეკისა. ამიტომ იბრძოდნენ თავგამოდებით. თუშების ლაშქრის თავისებურება იყო – ომი შექცევ-გაქცევით – ესაა ომი შექცევითა და გაქცევით, საუკეთესო პოზიციის დასაკავებლად, შეუტევდნენ და მერე უკან დაიხევდნენ. მტერი რომ გამოყვებოდა, მერე შეუტევდნენ,” – გვიყვება თუში მეცნიერი გიორგი ცოცანიძე.

 

თუშეთი – გირევი

 გირევი მდებარეობს ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე. გირევი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. ამჟამად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

როცა პირიქითა თემის სოფლები (ჭეღო, ჭონთიო, დადიკურთა და ნაკუდურთა) ცარიელდებოდა, ამ სოფლების მაცხოვრებლების ნაწილი გირევში რჩებოდა. ამის გამო, პირიქითა თემის სოფლებიდან გირევი ყველაზე ბოლოს დაცარიელდა. დღეს, სოფლის ბოლოს მესაზღვრეების პუნქტია. თავად სოფელში ზაფხულობით რამოდენიმე კომლი ჩამოდის, თუმცა ზამთრაში ისევ ცარიელდება. სოფელი ხშირად მასპინძლობს ომალოდან წამოსულ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც კარვებით ხევსურეთისკენ გადადიან. მათი თქმით, ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ებრაელი და პოსტსაბჭოთა ქცეყნებიდან არიან, თუმცა ბევრი ავსტიიდან და ამერიკიდანაც სტუმრობენ.

სოფლის მოსახლეობის მოთხრობილის თანახმად, ციხეები ბაულელ ქისტ მამაშვილს აუგიათ. მშვიდობიან პერიოდში ასეთი რამ ხშირად ხდებოდაკოშკი დგას სოფლის დასავლეთით ნახევარკილომეტრში, კლდეზე. იგიხუთსართულიანია (4.2X3.9 , სიმაღლე 18.3), ზემოთკენშევიწროვებული. ნაგებიაფიქლით. წყობამშრალიათუმცა რესტავრაცია-აღდგენა ამ ციხესაც სჭირდება.

 

თუშეთი – ფარსმა

XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელია. ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე. ფარსმის წვერიანი ციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამაშვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ფარსმაში წმინდა თევდორეს ხატისაკულტო ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთაღმოსავლეთით. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. სალოცავი გეგმით (5.3X4.8) სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქლითმშრალად. დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. “თეფადაგორიკაცი” – გორივით არის შთენილები, რომლებიც სოფლის მიდამოში, მთის ფერდობზე, დგანან როგორც ზემოთ ისე ქვემოთ. ქაჩუს მთის გადასასვლელში არის მურთაზის (ალბათ, სოფლის ანთემის, მაშინდელი მეთაური) ჯარის მიერ მისივე ბრძანებით დაყრილი ქვები, რომლებსაც ქვიაჯარის ქვანაგროები”.

ფარსმაში, პატარა საოჯახო სასტუმროა, რომელიც ზაფხულობით, მუდამ ღიაა, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოგზაურებისთვის, თუმცა სასტუმროს მეპატრონეთა თქმით, ფარსმამდე ნაკლებად ჩადიან ტურისტები გასაჩერებლად. უფრო ომალოში ჩერდებიან და მერე მოგზაურობენ. თუმცა მასპინძელი გიდად მიყვება ხოლმე უცხოელ ტურისტებს ხევსურეთისკენ, კარვებით მოგზაურობისას, ჩვენი სტუმრობისას ხევსურეთიდან ახალი ჩამოყვანილი ყავდა მოსკოველი ტურისტები.

ფარსმაში, ძირითადად ნასახლარებია, თუმცა თუშეთს ალაგ-ალაგ უბრუნდება მოსახლეობა, თუნდაც ზაფხულობით, ამჟამადაც რამდენიმე ოჯახი უკვე ემზადებოდა ბარში ჩასასვლელად.

გადმოცემის თანახმად, ნასახლარი, რომელსაც საფუძველი შიგნიდან ენგრევა, დაწყევლილია და იქაურებიც ასეთ ნასახლარზე არ აშენებენ თავიდან, რადგამ მათი რწმენით, ფუძემ, რომელმაც ოჯახი არ გაახარა, არც მათ გაახარეთ.

 

 

თუშეთი – დოჭუ

 დოჭუ სოფელია თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნასოფლარად ითვლებოდა, 2002 წლის მონაცემებით, იქ მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობდა. თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში ტურისტებისთვის პატარა ოჯახური სასტუმროც იყო. რომელიც შემდეგ, გზააბნეულ ებრაელ ტურისტ წყვილს მივასწავლეთ გზის გასათევად.

დოჭუ მდებარეობს თუშეტის ალაზანისა და პირიქითა ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე.

დოჭუს უნიკალური ციხე კოშკები და ნასახლარები, რომლებიც თუშეთის ალაზანისა და პირიქითა ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

თუმცა ველურ ბუნებასთან შერწყმული ვულკანური წარმოშობის ქვებისგან აგებული კოშკებისა და სახლების თავდაპირველი სახით აღდგენა უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს ამ კუთხეში.

 

 

თუშეთი – დიკლო

 დიკლო ომალოსთან ახლოს მდებარე სოფელია თუშეთში. სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ზაფხულობით. აქ ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარია, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები ჯიხვი და ნიამორი.

დიკლოსთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებიცაა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები.

სოფელ დიკლოს შუაგულში სალოცავი დგას, სადაც როგორც წესი, ქალის შესვლა არ შეიძლება. ჩვენი სტუმრობისას, დიკლოშიც მიმდინარეობდა ადგილობრივებისგან სახლების აღდგენა-რესტავრაცია.

სოფელ დიკლოსთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე. აქვე ახლოსაა სასაზღვრო გამშვები პუნქტიც…

მესაზღვრეთა თქმით, სწორედ აქედან იწყება რუსეთთან ნეიტრალუირ ტერიტორია.

სოფელი დიკლოს დატოვებისთანავე გამოჩნდა კლდის ქიმზე შეფენილი ციხე-სოფელი – დიკლოს ნანგრევები. ეს ხავსმოკიდებული კელდები მე-19 საუკუნის დასაწყისის დიკლოს ტრაგედიის ბოლო მოწმენი არიან. ლეგენდის თანახმად, აქ 16 დიკლოელმა ვაჟკაცმა გაუტეხლად დაიცვა სოფელი მომხდური 10 000 კაციანი ლაშქრის შემოსევისგან (თუმცა ისტორიკოსების თქმით, ეს ციფრი გაზრდილია და მათი რიცხვი 4 000 -ს არ აღემატებოდა). ლეგენდა გვიყვება, რომ ბრძოლა მათ გვამებზე მიდიოდა. 16 დიკლოელი 18 დღს განმავლობაში იცავდა ციხე-ქალაქს.

ადგილობრივები თაობიდან თაობას გადასცემენ დიკლოს გმირულ ამბავს. აქაურ მწყემსს თუ გაესაუბრებით აუცილებლად მოგიყვებათ ღვთისო ბექურიძის შესახებ, რომელმაც თავისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს მეუღლე და და. რადგან ქალებს არ სურდათ მტერს ჩავარდნოდნენ ხელთ და არც მტრის ხელით ეწადათ სიკვდილი.

 

 

წარო – უცნობი აკლდამები წოვათასკენ მიმავალ გზაზე

 წოვათასკენ მიმავალ გზაზე უცხო სოფელია შეფენილი, ერთ-ერთი მოგზაურის გიორგი იორამაშვილის თქმით, ეს სოფლის ნაშთები წაროა. მისი ნახვისას ხევსურეთის ბეჭებგაბზარული მუცო გაგვახსენდა, მთელ თუშეთში ძნელად თუ ნახავთ მისებრ ფერდობ-კლდეებზე შეფენილ ციხე ქალაქს, რომელიც მასავით შთამბეჭდავი იყოს და მასავით აღდგენა პატრონობა სჭირდებოდეს.

გზად, სალოცავთან თუშები შეგვხვდნენ, მათი თქმით, ამ ციხე-ქალაქის ნანგრევებში, დღემდეა შემორჩენილი აკლდამები.

თურმე ჟამის დროს, როცა სოფლებში ჭირი გაჩნდებოდა, თუშები იმისთვის, რომ სხვისთვის არ გადაედო, თავის ნებით მიდიოდა აკლდამებში და სიკვდილს ელოდა. ეს ერთგვარი თავგანწირვა იყო მათი მხრიდან.

ეს ადგილი, შესასწავლია და სავარაუდოდ, ტურისტებისა და ადგილობრივი მოგზაურებისთვის არა ნაკლებ საინტერესო იქნება, როგორც ხევსურეთის ანატორიუმის აკლდამები.

 

თუშეთი – დართლო

დართლო და მის მთის თხემზე შეფენილი კვავლო, თუშეთში, პირიქითა ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 2000 მ-ზეა, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

დართლოში რამდენიმე მაცხოვრებელი და ტურისტებისთვის სასტუმროა.

სოფელ დართლოში, ჯერ კიდევ შემორჩენილია თუშური ტრადიციული არქიტექტურა მისი ციხე-სახლებისა და კოშკების ნაშთების სახით. ორი პირამიდულსახურავიანი მთავარი ციხე-კოშკის ნახვა შესაძლებელია სოფლის შუაგულში. დიდხევის გაღმა შუა საუკუნეების ე.წ. სინკრეტული ტიპის წარმართულ-ქრისტიანული არქიტექტურული სტილის ორი აკლდამისებური ნაგებობის ნაშთებია. აღსანიშნავია იპი ქვის საფეხუროვანი სახურავი და ამ ორი ნაგებობის აღმოსავლეთ კედელში განთავსებული ქრისტიანული სატრაპეზო და სარკმლები. აკლდამების ქვევით და სოფლის შესასვლელში სასაფლაოა, საფლავები დაფარულია სიპი ქვებით.

დართლოს შესასვლელში მე-19 საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც რუსებს აუგიათ პირდაპირ სალოცავზე. ადგილობრივებს ეკლესია დაუნგრევიათ. იქ შესვლა ქალებისთვის დღემდე აკრძალულია. იქვეა,

დართლოს საბჭეო – ტრადიციული სასამართლო. წარმოიდგინეთ, ნახევრადწრიულად განლაგებული ქვის სკამებზე მსხდომი 12 უხუსესი მსაჯული. იქვე, მათთვის მიჩენილ ადგილებზე – მუხლმოყრილი მოსარჩლე, მოწმე და ბრალდებული. შორიახლოს შემოკრებილი ხალხი. ფიცის რიტუალი აღსრულებულია – საფიცარი ქვის ქვეშ ცაგდებულია პროცესიის მონაწილეთა ულვაშის თითო ღერი. ადათებრივი სასამართლო პროცესი დაწყებულია… მე-18 საუკუნის ბოლოს მთავარი ბჭე-მოსამართლის (თავბჭე) სავარძელი ეკავა ცნობილი თუში სახალხო გმირის – დევდრის ანთას სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულ ასულს.

და ბოლოს, თუშური ცხვარი

 თუშეთი, ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის, თუშური ცხვრისა და მეცვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა. ცხვარ-მეცხვარეობამ თუშეთში ხალხური რეწვის განვითარებას შეუწყო ხელი. თუ ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად ლამაზ და სადა, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან _ წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.

თუშურიცხვარი, ნახევრად დუმიანი ცხვრის ჯიშია. გამოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარე მეურნეობის პირობებში მრავალწლიანი ხალხური სელექციით (XIII-XIV სს.) ძვ. ქართული ცხვრების შეჯვარებით სხვა უხეშმატყლიან ჯიშებთან. თუშური ცხვარი კომპაქტურია, მაგარი კონსტიტუციისაა, იტანს დიდ მანძილზე გადარეკვას, კარგად იკვებება მეჩხერ საძოვრებზე, კვების გაუმჯობესებით მკვეთრად მატულობს მისი მეხორცული და სამატყკლე პროდუქტიულობა. ადრე მწიფდება, ნაკლებნაყოფიერია, აქვს მაღალი ხარისხის ხორცი და თეთრი, დრეკადი, ელასტიკური მბზინავი მატყლი. თუშური ცხვრის ცოცხალი მასა: ერკემლისა 56-80 კგ, უდიდესი 90 კგ-მდე, ნერბისა 41-42 კგ. უდიდესი 60 კგ-მდე. წელიწადში ორჯერ პარსავენ. ერკემლის ნაპარსია 3-4 კგ, უდიდესი 5,5 კგ-მდე. მატყლის კულულის სიგრძეა 11-17 სმ, უდიდესი 31 სმ.

რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები. მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი „გუდის ყველის“ სახელითაა ცნობილი, რადგან ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, „გუდაში“ ხდება. საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი დახელოვნებულნი არიან ცხვრის მატყლის დამუშავებაში, ქსოვასა და თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და ქეჩები.