ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს იმედი აქვთ, რომ საზოგადოებაც და სახელმწიფოც მათზე იზრუნებს

“სახელმწიფოსგან ხელშეწყობა თუ იქნება, დასაქმების ცენტრს გააკეთებენ ჩვენთვის”, – ამბობს ერთ-ერთი ფსიქიატრიულის პაციენტი, რომელიც სტიგმის მსხვერპლია საქართველოში. თუმცა იმედი აქვს, რომ მათზე ოდესმე საზოგადოებაც და სახელმწიფოც იზრუნებს.


“სულით გაორება არ არის შიზოფრენია. ესაა ვირუსი, როგორც ბაცილა, როგორც გრიპი. გენებით გადადის. 22 წელია დიაგნოზს მისვამენ და ვერ დამისვეს. აი, ესაა ჩემი დაავადება, მავიწყდება რითი დავიწყე, თუ შემაწყვეტინეს. მე ჩემს ფანტაზიებში ვცხოვრობ. რასაც მოინდომებს ადამიანი, რისი სულისკვეთებაც აქვს, იმ ფანტაზიაში ცხოვრობს,” – რამდენიმე წლის წლის წინ მითხრა აფხაზეთიდან დევნილმა რეზომ, რომელმაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პირველად თავად მიაკითხა. დღეს, კი იგი თავის მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრობს.

სტატისტიკა

საქართველო, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში იმყოფება. იზრდებოდა  ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯებიც, თუმცა ის მაინც საკმაოდ დაბალია. ეს კი მკვეთრად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობის დაფინანსებაზე. მასზე გაწეული დანახარჯების წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში არცთუ მაღალია და მხოლოდ 2,11 პროცენტს შეადგენს. არადა, სპეციალისტთა მტკიცებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სტაბილურად იზრდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის რეგისტრირებული შემთხვევა. 2010 წლისათვის მსგავსი 79 216 შემთხვევაა დაფიქსირებული (ექსპერტული გათვლებით აღნიშნული მჩვენებელი 2011 წელს 81 000 ადამიანია), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3,6 პროცენტით მეტია.

საქართველოში არსებული ფსიქიატრიული სერვისები

მსოფლიოში დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ფსიქიკური აშლილობები ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეოთხე ოჯახში, სულ ცოტა, ერთი ოჯახის წევრს მაინც აქვს ფსიქიკური აშლილობა ცხოვრების რაღაც მონაკვეთში. ყველაზე ნათელი მაგალითია დეპრესია, რომელიც ავადმყოფობის და შრომისუუნარობის გამომწვევ მიზეზთა შორის მეოთხე ადგილზეა.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურები შეიქმნა. ამის პარლელურად მცირდებოდა  ფსიქიატრიული საწოლების რაოდენობა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 200-250 საწოლიდან 50-150 საწოლამდე შემცირდა. საწოლების შემცირება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ახალი ტიპის სერვისების განვითარებამ ხარჯების ზრდის გარეშე, უფრო ეფექტური მოვლისა და მკურნალობის საშუალება მოიცვა. საქართველოში, 1980-იანი წლებში თუ 100 000 მოსახლეზე საწოლების რაოდენობა 150 იყო, მათი რაოდენობა დღეს 33-მდე შემცირდა. მაგრამ საქართველოში, ამ დინამიკას თან არ ახლდა, საავადმყოფოს გარე ფსიქიატრიული სამსახურების განვითარება. რაც შეიძლება ბევრი პაციენტისთვის ფატალური აღმოჩნდეს, რადგან საქართველოში აშკარად ფსიქიატრიული სერვისის დეფიციტია.
მოსახლეობაში ფსიქიკური პრობლემების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ერთ-ერთ წინაპირობას ქვეყანაში ფსიქიატრიული სერვისების საკმარისი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. სპეციალისტთა მტკიცებით, მნიშვნელოვანია სერვისების სიმძლავრე, მათი გეოგრაფიული და მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით განაწილება, ფინანსური ხელმისაწვდომობა, კადრების პროფესიული მომზადების დონე, ფსიქიატრიული სტიგმის დონე.
ფსიქიკური აშლილობის დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში ძირითადად პაციენტს აღარ სჭირდება სხვა დამატებითი სერვისისთვის მიმართვა. თუმცა, რიგ შემთხვევაში, საჭიროა სტაციონარული მკურნალობა ხანმოკლე ან ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ჩვეულებრივ ავადმყოფობის ქრონიკული მიმდინარეობისას აუცილებელია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ჩართვა. დღეს, ამ ტიპის სერვისი საკმაოდ შეზღუდულია, რისი მიზეზიც არის, როგორც პროფესიული კადრების სიმცირე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვისა და ფინანსური უზრუნველყოფის მხრივ სირთულეებიც.

რატომ რთულდება სიტუაციები

სიტუაცია ხშირად რთულდება მთელი რიგი მიზეზების გამო. ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია სერვისების არათანაბარი გადანაწილება ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფსიქონევროლოგიური დისპანსერი და საავადმყოფო მხოლოდ ბათუმშია. მთიანი რეგიონების მოსახლეობამ ფსიქიატრამდე რომ მიაღწიოს, იძულებულია 50-100 კილომეტრამდე იმგზავროს, რაც სოფლის პირობებში თითქმის წარმოუდგენელია. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთს ქუთაისის ამბულატორია ემსახურება. ბევრ რეგიონში არაა საკმარისი ფსიქიატრი და ფსიქიატრიული მედდა. 200-მდე ლიცენზირებიული ფსიქიატრიდან 100-მდე ექიმი მხოლოდ თბილისშია კონცენტრირებული. რეგიონებში კი კადრების დეფიციტია.
ხშირად, არა მარტო რეგიონებში, თბილისშიც, სტაციონარიდან გაწერილი ავადმყოფი დაგვიანებით ან საერთოდ არ აკითხავს ამბულატორიას. შეწყვეტილი მკურნალობა უმეტეს წილად ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავების მიზეზი ხდება, ამაში მეტი წილი დანაშაული ოჯახის წევრებს მიუძღვით, ზოგჯერ უყურადღებობის გამო, ზოგჯერ კი საზოგადოებაში ფესვგადგმული სტიგმის გამო, თუმცა ხშირად ეს პაციენტის უფლებების არცოდნის გამოც ხდება.
ხშირად, კი ამბულატორიისათვის მიმართვის ძირითად მიზეზი პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრების სურვილია, პენსიის დანიშვნის გამო და არა მკურნალობის გამო. ესეც გარკვეულწილად, თავის უფლებების არცოდნის გამო ხდება, რადგან პაციენტთა უმრავლესობამ, ან მათმა ოჯახის წევრებმა არ იციან, რომ მათ პენსიის გარდა, მედიკამენტი და მკურნალობაც უფასოდ ეკუთვნით. ამის დასარეგულირებლად კი საჭიროა, სახელმწიფო ფსიქიატრიული პროგრამის ამბულატორიული მუშაობა, რომლის კომპონენტშიც იგულისხმება, რომ ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მუშაკებმა საჭიროების შემთხვევაში ბინაზე ვიზიტიც უნდა განახორციელონ, ამის ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობა დისპანსერების უმრავლესობას არ აქვს.

საავადმყოფოს გარე სერვისის განვითარება

მნიშვნელოვანია ახალ განყოფილებებში დაფინანსების ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა, მწვავე განყოფილებაში  მკურნალობის შემთხვევა ფინანსდება 840 ლარის ფარგლებში, ხანგრძლივი დაყოვნების განყოფილებაში კი – თვეში 450 ლარით. როცა ამბულატორიებში ერთ პაციენტზე დახარჯული თანხა თვეში (წამლის, პერსონალის, კომუნალური ხარჯი) საშუალოდ, 10-15 ლარია. აღნიშნული ბიუჯეტი პაციენტებისათვის ძალიან შეზღუდული რაოდენობისა და ძირითადად ძველი თაობის მედიკამენტების მიწოდების საშუალებას იძლევა, რაც არ შეესაბამება ქვეყანაში დამტკიცებულ გაიდლაინებს. ზოგჯერ პაციენტი ამ თანხის შესაბამის მხოლოდ 10-15 დღის წამალს იღებს, დანარჩენი კი თავად უნდა იყიდოს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გელიაშვილი ყვება პაციენტზე, რომელიც 1994 წლიდან ფსიქიატრიულში მხოლოდ იმიტომ წევს, რომ მას სახლი არ აქვს.
მისი აზრით, თუ სახელმწიფო ხარჯავს ერთ პაციენტზე 450 ლარს, შესაძლებელია, რომ ეს თანხა მისცეს ერთ ადამიანს, რომელიც ოჯახური ტიპის დაწესებულებას გააკეთებს და რამდენიმე პაციენტს მოემსახურება, ეს თანხა საკმარისი იქნება ბინისთვის, საჭმლისთვის, კომუნიკაციისთვის და ა.შ.
სპეციალისტთა აზრით, საავადმყოფოს გარე სერვისის განვითარება ინფრქსტრუქტურის შექმნის თავლსაზრისით სტაციონარებზე გაცილებით იაფი ჯდება. დისპანსერების გამართული მუშაობა კი სტაციონარებზე მოთხოვნას და აქ გაწეულ ხარჯებს ამცირებს. ამიტომაა აქტუალური რეფორმის ფარგლებში ყურადღების კონცენტრირება საავდმყოფოს გარე სერვისზე.
“საავადმყოფოს გარე სერვისი თუ არ განვითარდა, სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება პაციენტის შენახვა,” _ ამბობს ფსიქიატრი მანანა შარაშიძე.
 ამბულატორუიული ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისი საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგები კი ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული მომსახურების ეფექტურობას ადასტურებს.
“პაციენტი უფრო მეტად ჩართული უნდა იყოს საზოგადოებაში. აუცილებელია თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიის განვითარება,” – ამბობს ეკა ზოიძე რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორი ბათუმში.

ამბულატორიული ფსიქიატრიული სამსახურის პოტენციურ მოსარგებლეთა რაოდენობა 61 604 ადამიანია

 უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, დასავლეთის ქვეყნებში ფსიქიატრიული სამსახურებმა რეფორმის შედეგად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ საზოგადოებაში, თავის ჩვეულ გარემოში და ნაკლებ დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ეს თემზე დაფუძნებული სერვისის შედეგად გახდა შესაძლებელი. ბიო-სამედიცინო მოდელიდან აქცენტი გადავიდა ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე, მკურნლობის ბიოლოგიურ მეთოდებს კი დაემატა ფსიქო-სოციალური ინტერვენციები. ჩვენთან ამ სერვისის განვითარებას სავარაუდოდ, უფრო დიდი დრო დასჭირდება, რადგან ბიუჯეტის სიმცირე, მატერიალური ტექნიკური ბაზის სიმწირე და სპეციალისტების ნაკლებობაა. სახელმწიფო პროგრმაში არსებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი წელიწადში სულ რაღაც 70 000-ით ფინანსდება. ეს კი პაციენტთა ძლიან შეზღუდულ რაოდენობას ყოფნის 100-150 ადამიანს წელიწადში. რამდენიმე ათასი კი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. 2010 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თემზე დაფუძნებული ამბულატორიული ფსიქიატრიული სამსახურის პოტენციურ მოსარგებლეთა რაოდენობა 61 604 ადამიანია… თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე ავადმყოფთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.
სპეციალისტთა აზრით, თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ამოქმედება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი შეიძლება გახდეს სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ სარგებელთა აბსოლიტური უმრავლესობა არაფინანსური ხასიათისაა. თემზე დაფუძნებული მიდგომის მთავარი სარგებელი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშიდება. ამავე დროს, პაციენტის საზოგადოებისგან, ოჯახისგან მოუწყვეტლად მკურნალობა, გარდა იმისა, რომ ჰუმანურია, მათ სოციალური კომპეტენტურობის გაზრდას და ღრმა ინვალიდობის პროფილაქტიკას გულისხმობს.
“ჰოსპიტალიზაცია და იზოლაცია ფსიქიატრიულში, ძალიან დიდი სტრესია არა მარტო პაციენტისთვის, მისი ოჯახისთვისაც. სავადმყოფოში რაც უფრო დიდხანს აჩერებენ პაციენტს, მით უფრო დიდია სტრესი. პაციენტი, რაც შეიძლება ნაკლები დროით უნდა მოვათავსოთ სავადმყოფოში, – ამბობს მანანა შარაშიძე, – სათემო ორგანიზაციები ხელს შეუწყობს პაციენტების გააქტიურებას და არა მათ დათრგუნვას. ეს სისტემა არა მარტო ჰუმანურია, ეკონომიურადაც ეფექტურია. პაციენტების უმრავლესობა პოულობს სამსახურს და ხდება ეკონომიკურად დამოუკიდებელი. როგორი საზოგადოება ვართ ჩვენ, რამდენად ტოლერანტული, რამდენად ვიმსახურებთ ინტეგრაციას დასავლეთთან… რა გვინდა მოვახდინოთ ამ ხალხის ინტეგრაცია თუ სეგრეგაცია.”
“პაციენტები არ იმსახურებენ საზოგადოებისგან გარიყვას. მათ შეუძლიათ თავის თავის მოვლა და გარკვეულწილად სრულუფლებიან წევრად იგრძნონ საზოგადოების…” – ამბობს ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ფსიქიატრი ნანა დგებუაძე, რომელიც უკვე 30 წელია მუშაობს ამ სფეროში.
სპეციალისტები თვლიან, რომ ეს პროცესი, ხელს უწყობს პაციენტების სოციალურ უნარ-ჩვევების აღდგენა-განვითრებას, ნაკლებად დამოკიდებულნი ხდებიან ოჯახის წევრებზე, რიგ შემთხვევებში ხდება მათი შრომის უნარის აღდგენა და დასაქმება. ეს კი სახელმწიფოს ხარჯებსაც ზოგავს. საბოლოოდ კი, ფსიქიკური ავადმყოფობის მთელი სიმძიმე ოჯახს და სახელმწიფოს ნაკლებად აწვება.

ისინი, სხვა სამყაროში კი არა ჩვენთან ცხოვრობენ

22 წლის ახალგაზრდა გათხოვილი ქალი, სტაციონარში მოათავსეს, რადგან ის თავის განავალს ჭამდა. მას ფსიქიკური პრობლემების მქონე ძმა ყავს, რომელიც მას ვერ დაიცავს. ახალგაზრდა ქალს ცემდა დედამთილი, ქმარი, მული… სტაციონარიდან გაეწერა ჯანმრთელი, უვლიდა თავს, ჰქონდა ადეკვატური ქცევები. ოჯახში რამდენიმე ხანი გასტანა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, იგივე სიმპტომებით მოათავსეს სტაციონარში. ფაქტია, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლიცაა. ფსიქიატრები ამბობენ და ამტკიცებენ, რომ პაციენტებსაც აქვთ უფლებები. ქვეყანაში, კანონი, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში, ვის ეკუთვნის აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს ადამიანი დაცული იყოს ოჯახური ძალადობისგან, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
საქართველოში სტიგმა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა მიმართ ყველაზე მეტადაა გავრცელებული. დაღდასმული ადამიანისათვის სიცოცხლე ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია და ბევრ შემთხვევაში ასეთი ადამიანები საკუთარ სიცოცხლეზე უარს ამბობენ. ფსიქიკური პრობლემებით გამოწვეული სირთულეები განპირობებულია არა მხოლოდ სამედიცინო პრობლემებით, არამედ ამ დაავადებებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი სტიგმით.
სტიგმა კი აადვილებს და აღრმავებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების შელახვას _ საზოგადოება მსჯელობს, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს ქორწინების ან შვილების ყოლის უფლება, ან არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება. საზოგადოებას არ სჯერა ამ ადამიანების შესაძლებლობების და უნარების, რადგან ინფორმაციის ნაკლებობის, მანკიერი ჩვეულების და კარგი მაგალითების დეფიციტის ატმოსფეროში ცხოვრობს. თუმცა ქართველ ფსიქიატრთა პრაქტიკაში ფსიქიკური აშლილობის მქონე ისეთი პაციენტიც ყოლიათ, რომლის რემისიის პერიოდმა 20 წელს გასტანა და ამ პერიოდში იგი საუკეთესო, მამა, მეუღლე და მეცნიერი იყო. თუმცა XXI საუკუნეშიც კი საზოგადოებისათვის ფსიქიკური აშლილობა მითოლოგიზირებულია,  ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები კი მათგან განდევნილი და სტიგმატიზირებული, დავიწყებულნი და მიტოვებულნი.
ჩვენს საზოგადოებაში ძნელად თუ გამოგიტყდებათ ვინმე, რომ ფსიქიკური ხასიათის პრობლემები აწუხებდა. მეტიც, სირცხვილადაა მიჩნეული იმის გამხელაც, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი შენი ოჯახის წევრია.
თუმცა, ეთიკის მეცნიერების ან საზოგადოების კანონების თანახმად, გაუმართლებელია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებისგან იზოლაცია. მეტიც, დანაშაულია, რადგან საზოგადოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა განუყოფელი ნაწილებია, _ ფიქრობენ სპეციალისტები.
“ყველა ადამიანი თავისუფალი და თანაბარია თავის უფლებებითა და ღირსებით” _ ადამიანის უფლებების ამ ძირითად თეზას არღვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გადაჯაჭვული სოციალური მარგინალიზაცია, უსახლკარობა, უმუშევრობა, სიღარიბე, გარიყვა და იზოლაცია, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვეული სურათია. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულნი რჩებიან და სტიგმისა და დისკრიმინაციის ობიექტები ხდებიან.

ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენა

ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს მიეკუთვნება. მიუხედავად შრომისუნარიანი ასაკისა და განათლებისა, მათუ უმრავლესობა (90%) უმუშევარია, შემოსავლის ერთადერთი წყარო შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსით გათვალისწინებული პენსიაა (I ჯგუფს _ 70 ლარი, ხოლო მეორე ჯგუფს 65 ლარი).
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა 18 % განქორწინებულია, 40% არასდროს ყოფილა დაოჯახებული; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სოციალური ურთიერთობები ღარიბია, მათი 74% წლების განმავლობაში არ ყოფილა სტუმრად, იშვიათი ურთიერთობები აქვს ნათესავებთან. 88%-ზე მეტი ძირითადად სახლშია გამოკეტილი.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მზურველთა 68 % უმუშევარია, რადგან დღის უმეტეს ნაწილს მათ მოვლაში ატარებს, 70%-ს არ დაუსვენია მრავალი წლის განმავლობაში, ხშირია კონფლიქი ოჯახში, შემოსავალების მესამედი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირზე ზრუნვას სჭირდება.
“ადამიანი, სახლში რომელსაც ფსიქიურად ავადმყოფი ყავს, უმუშევარია, რადგან ავადმყოფს უვლის. ხომ შეიძლება დატრენინგდეს და რაც გვაქვს ის გამოვიყენოთ. მის ავადმყოფს დაემატოს ოთხი-ხუთი პაციენტი და მოუაროს მას. შეიძლება ამის ამუშავება, მით უმეტეს რეგიონებში, სადაც ორ-სამ სართულიანი სახლები აქვთ და მხოლოდ პირველ სართულზე ცხოვრობენ, სხვა ოთახები კი დაკეტილი აქვთ. შრომა თერაპია შეიძლება ყოველდღიურად არ ხდებოდეს, ანდა მოვლა-პატრონობა, შეიძლება ფუნციების გამოყენებაც.
ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ და ჩვენს თავზე მოვირგოთ, ქართული მენტალიტეტი განსხვავდება ჰოლანდიისგან, ან სხვა დასავლური ქვეყნისგან. ეს მარტო სტიგმა არაა, ჩვენ კულტურულადაც განვსხვავდებით. სტიგმა უფრო ღრმაა სხვა მხრივაც. ქართული ხასიათია, ევროპელისგან განსხვავებით. ვაუჩერით გათვალისწინებული 450 ლარი შეიძლება მცირეა, მაგრამ არც ცოტაა. ხანგრძლივი დაყოვნების სტაციონარებში ჰოლანდიურ მოდელის განხორციელება ძალიან ძნელია. ამას პერსონალის დატრენინგება და მომზადება უნდა. მობილური ჯგუფები პილოტურად აჭარაშიც იგეგმება. შემოთავაზებები მიიღეს და განიხილება. პროგრამულად როგორ ჩაიდება ბიუჯეტში არ ვიცი. გვინდა რომ გამოვიდეს, მაგრამ თუ კადრები არ მომზადდაა, თუ ის რესურსი ბოლომდე არ გამოვიყენეთ ახლის დაწყებას რა აზრი აქვს,” – ამბობს რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორი ეკა ზოიძე.

საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი თუ დაღდასმული ადამიანები

სპეციალისტთა განცხადებით, ფსიქიკური აშლილობის მქონე ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მას საშუალება მივცეთ, საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდეს. ამისთვის ძალიან ძლიერი ეკონომიკაა საჭირო. საქართველოში, როცა ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს დედ-მამა, ოთხი ბავშვი და სულით ავადმყოფი, ეს შეუძლებელია. როცა ასეთი ოჯახი სტაციონარში მოიყვანს ავადმყოფს, ყველანაირად ეცდება, რომ იგი იქიდან არ გაიყვანოს. ჩვენ არ გვაქვს იმდენი საწოლი, რომ ასეთი ავადმყოფები სამუდამოდ საავადმყოფოში დარჩნენ. ზოგჯერ მდგომარეობიდან გამოყვანილი ავადმყოფი ბრუნდება ისეთ მიკრო-სოციალურ გარემოში, სადაც არანაირი პირობა არ ხვდება. ხშირად ოჯახები ცდილობენ, მათი მდგომარეობა სწრაფად გაამწვავონ, რომ საავადმყოფოში დააბრუნონ. “ჩვენთან, არიან პაციენტები, რომლებიც გამოდიან მდგომარეობიდან, მაგრამ სამწუხაროდ, მათი დაყოვნება უფრო დიდი ხნით გვიწევს, რადგან პრობლემებია ოჯახებთან,” – ამბობს დაბა ხელვაჩაურში რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ფსიქიატრი ნანა დგებუაძე.
მხოლოდ ფსიქიატრიულში მომუშავე ადამიანები, არ არიან ვალდებულნი ზრუნავდნენ ამ ადამიანებზე. ფსიქიკური პრობლემა ის პრობლემაა, რომელსაც სჭირდება საზოგადოების დახმარება. ისინი არსებობენ… სხვა სამყაროში კი არა, ჩვენთან არსებობენ. მათ აქვს პრობლემები, რისგანაც არავინაა დაზღვეული,” – ეკა ზოიძე.

დაბა ხელვაჩაურის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო
დაბა ხელვაჩაურში, რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოში ახლახან გარემონტდა ახალი განყოფილება, რომელიც 30 საწოლზეა განკუთვნილი. თუმცა საავადმყოფოს ხანგრძლივი დაყოვნების 120 პაციენტი ყავს. აჭარის სტაციონარი, ემსახურება ოზირგეთს, ფოთსა და სენაკს. მბოლატორიაში 7 800-მდე პაციენტია აღრიცხვაზე. მათ შორის მცირეწლოვანი 6000-7000-მდეა. თუმცა რეალურად შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტიც იყოს. საავადმყოფოში კადრების დეფიციტიცაა. საჭიროა უფრო მეტი ექიმი, მედდა.
“ხულოს რაიონში, შუახევის რაიონში ძალიან გვიჭირს გასვლა. ჯერ ფინანსურად ძალიან რთულია და სხვაგვარი მობილიზება უნდა. კადრების სიმცირეც გვაქვს. თუნდაც ერთ სოფელში რომ წახვიდე ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. შეიძლება აჭარის მაღალმთიანეთში ყველა სოფელშია ისეთი, რომ სტაციონარიც კი სჭირდებოდეთ, მაგრამ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე გაძლების მომენტი აქვთ. ყველა იტანს ამ პაციენტს, ოჯახიც იტანს და არ მიჰყავს სავადმყოფოში – იმიტომ რომ ფული დაეხარჯებათ გზაში, იმიტომ რომ რაღაც ბარიერები აქვთ. ბევრმა არც კი იცის, რომ მათ ოჯახის წევრებს პრობლემა აქვთ. ანდა დედამ არ იცის, რა ეკუთვნის და რა არა, როცა მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აწუხებს. საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია. უპირველეს ყოვლისა, დაბალია თვითშეგნების დონე და კიდევ ბევრი ფაქტორია. ხშირად, ოჯახი თვლის, რომ საავადმყოფოდან გაწერილი ადამიანის, მკურნლობა დამთავრდა, არც აინტერესებთ და არც ცდილობენ რომ სახლში წამალი მისცემ. ამის გამო, კი პაციენტები შემდეგ ისევ უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას. ისეთი პაციენტები, რომლებზეც უამრავი შრომა გვაქვს ჩადებული მერე ისევ გამწვავებულები შემოდიან. თავად პაციენტებიც ტაბუირებულნი არიან. როცა ხედავს ოჯახში, მის ირგვლივ  ყველაფერს ტაბუ აქვს დადებული, ისინიც შესაბამისად იქცევიან,” – ამბობს ეკა ზოიძე.

საზოგადოებაში დაბრუნებულები
ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი სერგო ცომაია ყვება, რომ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს აქვს რამოდენიმე ჯგუფი, სადაც პაციენტები ხატავენ, ხელსაქმეს სწავლობენ, აქვთ მუსიკა თერაპია და ა.შ. “ყველაზე კარგი შედეგი, რომლებიც გაეწერნენ ცირა დიასამიძე და მერი ვარშანიძეს აქვთ. რომლებიც მრავალწლიანი ანამნეზის შემდეგ, ჩვენთან თვენახევრის განმავლობაში ინტენსიურ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას გადიოდნენ,” _ ამბობს სერგო ცომაია. ერთ-ერთი ყოფილი პაციენტი, ორმოციოდე წლის ქალბატონი, ამჟამად ბავშვებს ამზადებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გაუჩნდა საკუთარი შემოსავლის წყარო და დამოუკიდებლად ცხოვრობს.
“ათ პროცენტშიც რომ მივიღოთ ესეთი შედეგი, ვიტყვით, რომ ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან რაც უფრო მეტად მიდის ფსიქიური დაავადება და პროგრესირებს, მით უფრო მეტად ანგრევს პიროვნებას და მის ფსიქიკას,” – ამბობს ფსიქიატრი სერგო ცომაია.
“ჩვენი მკურნალობის მიზანიც ხომ ისაა, რომ პიროვნებამ ისე იგრძნოს თავი, რომ მან ოჯახსა და საზოგადოებაში არსებობა შეეძლოს. ოჯახში მინიმალურის გაკეთება შეეძლოს, მინიმუმს კი არა მეტსაც აკეთებენ,” – ამბობს ფსიქიატრი ნანა დგებუაძე. ხშირად ყოფილი პაციენტები ისევ საავადმყოფოს აკითხავენ, რომ იქ დარჩენილ პაციენტებს შეეშველონ, ასწავლონ… ისინი ოჯახებში ისევ ზედმეტად გრძნობენ თავს. იქ კი სხვაგვარად ექცევიან, სხვაგვარად უსმენენ…
ეკა ზოიძის აზრით, მნიშვნელოვანია, სოციალური მუშაკების ჩართვა და ოჯახის წევრების დატრენინგება.
ოდითგანვე ფსიქიკური დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და დაავადებულთა სოციალური რეაბილიტაციისთვის შრომითი თერაპია უებარ საშუალებად ითვლებოდა. სპეციალისტების აღიარებით, ხშირად ის პრეპარატებზე გაცილებით ეფექტურიცაა.